1 თვის წინ
508
22 ივნისს, „შაქრო ბაბუას“ წიგნის მაღაზიაში გაიმართა ახალი ახალი ქართული ფონტი "მა სი ვარდისა" და ქართული კლავიატურის პრეზენტაცია.
კლავიატურის გამართვის, საიტზე ინტეგრირებისა და პრეზენტაციის პროცესი მიმდინარეობდა Typeface.ge -სა და Georgian Calligraphers Association • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია -ის ერთობლივი ორგანიზებითა და თანამშრომლობის ფარგლებში.
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲤᲝᲜᲢᲘ MA SI VARDI
"MCh Ma Si Vardi" - მარიამ ჩაჩანიძის საავტორო ახალი ფონტია, რომელიც აერთიანებს ყველა ქართველური ენის ასო-ნიშანს.
კალიგრაფიული სტილის ფონტი „MCh Ma Si Vardi” შემუშავდა საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის შრიფტის დიზაინის პროგრამის ფარგლებში, დავით მაისურაძის მენტორობით. აქვს ყველა ქართველური ენის მახრდაჭერა - ქართულის, მეგრულის, სვანურის და ლაზურის - გაფართოებულ ლათინურ ანბანთან ერთად.
შთაგონება გახდა მეგრული სიმღერა „მა სი ვარდი“, რის გამოც ფონტს დაემატა ჯერ მეგრულ ენაში გამოყენებული ასოები, შემდგომში კი – ყველა ქართველური და სხვა კავკასიური ენებისთვის საჭირო სიმბოლოები.
ფონტზე მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით კი ტესტირების ეტაპზე გამოიკვეთა პრობლემების დიდი ნაწილი, რაც უკავშირდება ქართველური და სხვა კავკასიური ენების ინტერნეტ სივრცეში მოხმარებას.
ტესტირების ეტაპი აუცილებელია ფონტის შექმნის პროცესში: ამ დროს ვიზუალურად მოწმდება ასოების წყობა და რამდენად ჰარმონიულად გამოიყურება სიმბოლოები ერთმანეთთან მიმართებაში.
ასოთაწყობა სხვა ქართველურ ენებში განსხვავდება ქართულისგან და აუცილებელია ამ ენებზე დაიტესტოს ფონტი როცა არქაული და დამატებითი სიმბოლოების შემოწმებაა საჭირო.
პრობლემა უფრო ხშირად იმაშია, რომ ქართველურ ენებში გამოყენებად დამატებით ქართულ ასოებს არც ისე ხშირად ურთავენ დიზაინერები შრიფტებში. ძალიან ცოტა ქართული ფონტია, რომელიც მოიცავს ქართული სიმბოლოების სრულ ნაკრებს.
სვანურ ენაში ხშირი პრობლემაა ის, რომ ინსტერნეტ სივრცეში განლაგებული სვანური ენის ტექსტები ხშირად არასწორი კოდირების ფონტებითაა აგებული. დამატებითი ქართული სიმბოლოები არასწორ კოდზეა განლაგებული, ამიტომ ტექსტის გაკოპირებისას, ამ სიმბოლოების კოდი არ ემთხვევა სწორი კოდირების ფონტს და სიმბოლოებიც არასწორად აისახება.
ასეთი ტექსტების გამოყენება ფონტის ტესტირების ეტაპზე შეუძლებელია. ინტერნეტ სივრცეში კი რთულია სწორი კოდირების ტექსტების პოვნა ქართველურ ენებზე.
ფონტი მოიცავს 166 სახის გადაბმას, რაც ფონტისთვის ხელნაწერის ეფექტის მიცემის კარგი საშუალებაა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ნაწილის გადაბმები კარგად ასახავს ქართული კალიგრაფიის კლასიკურ ფორმებს, ლათინურში კი შენარჩუნებულია ლათინური გადაბმების ასევე კლასიკური სტილი.
გადაბმების დამახასიათებელი სტილების შენარჩუნება განაპირობებს ქართული ნაწილისთვის ქართულობის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია მთავარი კონცეპტის გადმოსაცემად: „ესაა ფონტი ყველა ქართველისთვის“.
PANGRAM - შრიფტის დიზაინის და კალიგრაფიის საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი
Pangram - International Student Competition on Font and Calligraphy უკრაინული საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც საქართველოდანაც ჰყავს შერჩეული ჟიურის წევრი - მერაბ გეწაძე.
შრიფტმა “Ma Si Vardi” საერთაშორისო ჟიურის მოწონება და მრავალი პრიზი მოიპოვა, ამასთან მიიღო სპეციალური ჯილდო ორგანიზატორისგან - Ghea Fonts.
ფონტს გააჩნია 2 ვერსია: უსერიფო და სერიფიანი. ორივე მათგანის გადმოწერას შეძლებთ ბმულებიდან: MCh Ma Si Vardi და MCh Ma Si Vardi Serif.
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲙᲚᲐᲕᲘᲐᲢᲣᲠᲐ
შრიფტის დიზაინის სფეროსთვის განსაკუთრებით საინტერესო მოვლენაა ახალი ქართული კლავიატურის შექმნა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ყველა ქართული სიმბოლოს აკრეფას.
კლავიატურის windows ვერსიის ავტორია კალიგრაფი დავით მაისურაძე ხოლო macOS სისტემის ვერსიის - შრიფტის დიზაინერი - ანა სანიკიძე.
შრიფტის და დიზაინის მიმართულებაში ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქართული სიმბოლოების სრული კომპლექტაციის მოხმარებასთან დაკავშირებული 2 მთავარი პრობლემა:
კლავიატურის არ არსებობა - არ არსებობდა ქართული კლავიატურა, რომლითაც აიკრიფებოდა ყველა ქართული სიმბოლო.
ფონტების გაუმართაობა - ძალიან ცოტა ქართული ფონტია, რომელიც მოიცავს ყველა ქართულ სიმბოლოს, ფონტების ნაწილში კი სიმბოლოები არასწორი კოდირებითაა შეტანილი.
ახალი ქართული კლავიატურა მოიცავს ქართული სიმბოლოების სრულ ნაკრებს, რომლებიც UNICODE-შია შეტანილი და საკმაოდ მარტივი მოსახმარია ყველასთვის. კლავიატურა საგრძნობლად აადვილებს ქართული ფონტის შექმნის პროცესს შრიფტის დიზაინერებისთვის, შექმნის, ტესტირების და მოხმარების ყველა ეტაპზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სიმბოლოების განლაგება გარკვეული ლოგიკითაა შემუშავებული, რაც ამარტივებს, ერთის მხრივ, მათ გამოყენებას, მეორეს მხრივ კი დამატებითი სიმბოლოების დამახსოვრებას.
არქაული და დამატებითი სიმბოლოები, რომლებიც საჭიროა ქართველური ენების სწორად დასაწერად, განლაგებულია თანახმოვანი ასოების ღილაკებზე: მაგ. მეგრულ ენაში გამოყენებადი „ჸ” (წარმოითქმის ყრუ “ყ” ბგერა) -ის ასაკრეფად გამოიყენეთ shift + „ყ” კომბინაცია; ყველა ქართველურ ენაში გამოყენებადი „ჲ” (იოტა) აიკრიფება shift + „ი” კომბინაციით; ლარის სიმბოლოს ასაკრეფად კი გამოიყენება: shift + „ლ”.
ზოგიერთი ქართველური ენის სიმბოლოების ასაკრეფად გამოიყენება კომბინირებული სიმბოლოები: სიმბოლო + დიაკრიტიკული ნიშანი. სასვენი და დიაკრიტიკული ნიშნები განლაგებულია მარჯვენა Alt ღილაკზე. ამ სიმბოლოების გამოყენებასაც მარტივად შეძლებთ.
ქართული სიმბოლოებიდან UNICODE სისტემაში შედარებით ახალი შესულია მხედრულის მთავრული ასოები, თუმცა მათ მოხმარებასთან დაკავშირებული იყო რამოდენიმე პრობლემა:
სისტემური კლავიატურებით არ იკრიფებოდა
ხშირად მიმართავდნენ კონვერტორებს და დამატებით რესურსს მხედრულის მთავრულად გადასაქცევად
იყენებდნენ პროგრამების დამატებით ფუნქციონალს: all caps, რომ მხედრული ავტომატურად მთავრულად ექციათ.
ახალი კლავიატურით მთავრულის აკრეფა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი Caps Lock ღილაკზე დაჭერით.
ქართული დამწერლობის უნიკალურობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული: სამივე ანბანი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ასომთავრული და ნუსხური სიმბოლოები ფონტების უმეტესობაში არასწორი კოდირებითაა შეტანილი, რადგან მათი აკრეფა სხვა მხრივ შეუძლებელი იყო.
ახალი ქართული კლავიატურის კომპლექტი მოიცავს ხუცურ კლავიატურასაც. მასზე გადართვით შეძლებთ ნუსხური და ასომთავრული სიმბოლოების აკრეფას, თუკი ისინი შესულია ფონტში სწორი კოდირებით. ასოების განლაგება მისდევს შესაბამის მხედრულ განლაგებას.
კლავიატურის გვერდი საიტზე
საიტს დაემატა გვერდი, რომლიდანაც შეძლებთ გამოყენების ინსტრუქციის დეტალურად გაცნობას და ახალი ქართული კლავიატურის Windows და MacOS სისტემების ვერსიების ჩამოტვირთვას: ლინკი
სტატიის ავტორები:
ანიტა ეჯიბია
მარიამ ჩაჩანიძე
MS Pillar — მარიამ საშას შექმნილი ახალი ქართული ფონტია. სტატიაში გაიგებთ როგორ შეიქმნა ფონტი, რა გახდა ინსპირაცია და როგორ შეძლებთ მის გადმოწერასა და გამოყენებას
ძირითადი სიმბოლოების გარდა, შრიფტები ხშირად მოიცავს ალტერნატიულ სიმბოლოებსაც. სტატიაში შეიტყობთ ამ სიმბოლოებისა და მათი ქართული ვარიანტების შესახებ. ასევე — სად იპოვოთ შრიფტის ფაილში არსებული დამატებითი სიმბოლოები და როგორ გამოიყენთ ისინი.
მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე