1 თვის წინ
333
ძირითადი ასოების თუ სხვა სიმბოლოების გარდა, შრიფტები ხშირად მოიცავს სხვა მრავალ სიმბოლოსაც, როგორიცაა მაგალითად ალტერნატიული სიმბოლოები - შრიფტის ძირითადი სიმბოლოების ალტერნატიული ვარიაციები. ისინი იქმნება შრიფტის შესაძლებლობების გასაფართოებლად და ზოგჯერ საკმაოდ დიდ რაოდენობასაც აღწევს.
დღეისთვის სულ უფრო მეტი დიზაინერი ამატებს შრიფტში სიმბოლოების ალტერნატიულ ვარიანტებს.
შრიფტი შეიძლება შეიცავდეს ალტერნატივებს ყველა სახის სიმბოლოსთვის - როგორც ასოებისთვის, ასევე ციფრებისთვის ან პუნქტუაციის ნიშნებისთვის. შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ძირითადი სიმბოლოსგან, ან მხოლოდ მსუბუქი ცვლილებით შემოიფარგლებოდეს.
ალტერნატივები ჩვენთვის ხელმისაწვდომია OpenType ფუნქციების სახით. OpenType არის შრიფტის ტექნოლოგია (ასევე შრიფტის ფაილის ფორმატი), რომელიც გვაძლევს წვდომას შრიფტის დამატებით ფუნქციებზე, მათ შორის, სიმბოლოების სხვადასხვა ვიზუალური ვარიანტების გამოყენებაზე თუ ისინი დამატებულია შრიფტში.
ალტერნატიული სიმბოლოები ცვლიან ტექსტის გარეგნულ სახეს და ხასიათს. მათი დახმარებით შეგვიძლია გაუმჯობესდეს ტექსტის კითხვადობა ან შეიცვალოს ტექსტის ვიზუალური სახე და მიენიჭოს გამოხატული ინდივიდუალობა.
ალტერნატიული სიმბოლოების გამოყენების პრაქტიკა იწყება კაცობრიობის ისტორიაში პირველივე სტამბიდან - იოჰანეს გუტენბერგის სასტამბო შრიფტიდან.
გუტენბერგის სასტამბო შრიფტი შეიცავდა 290 ერთმანეთისგან განსხვავებულ საშრიფტო ერთეულს, მათ შორის, ლიგატურებს (გადაბმებს) და ერთი და იგივე ასოს ალტერნატიულ ვარიანტებს. ეს შესაძლებლობას აძლევდა გუტენბერგს მიეღო ვიზუალურად გამართული და თვალისთვის ბუნებრივად აღსაქმელი ტექსტი.
ალტერნატიული ელემენტები იქმნება სხვადასხვა ფუნქციით: ზოგჯერ მხოლოდ ვიზუალურ ჰარმონიას ქმნიან, ზოგჯერ კი — გამოიყენება პრაქტიკული მნიშვნელობით.
შრიფტში TBC DIN MTAVRULI არის ორი ტიპის @ ნიშანი, ერთი უფრო კლასიკური ფორმის; მეორე — არაკლასიკური, განსხვავებული ფორმის, რომელიც უფრო მეტად ჯდება შრიფტის საერთო ვიზუალში, თუმცა განსხვავდება ყველასთვის ცნობილი კლასიკური ვიზუალისგან.
ვიზუალურად განსხვავებული ფორმის ალტერნატივები შეიძლება ჰქონდეს ციფრებსაც:
პრაქტიკული მნიშვნელობის ალტერნატივების მაგალითია ლათინურში l („ელ“) ასოს სიმბოლოს ვარიანტები: კუდიანი და კუდის გარეშე. კუდიანი l („ელ“) ასო ხშირად გამოიყენება ტექსტში, სადაც შეიძლება ერთმანეთში აირიოს l („ელ“) და უსერიფო სტილის I („აი“) ასოები. ამ შემთხვევაში შეიძლება I („აი“) ასოს სტილისტური ვარიანტის შექმნაც.
ქართული ალტერნატივები
ქართულში იგივე ტიპის პრაქტიკული სტილისტური ალტერნატივაა ერთკბილიანი და სამკბილიანი „ლ“ ასოს ვარიანტები. თუ შრიფტს გააჩნია ორივე ვარიანტის „ლ“ ასო, ეს შესაძლებლობას იძლევა სამ კბილიანი ლ ასოები შეიცვალოს ერთ კბილიანზე, პრაქტიკულობის კუთხით, ამ ალტერნატივის გამოყენებით შეგვიძლია მცირე ადილზე მეტი ტექსტი განვათავსოთ. თუმცა, რათქმაუნდა, ალტერნატიული ვარიანტის არჩევა შესაძლებელია ვიზუალური თვალსაზრისითაც:
ქართულში დღეისთვის ფართოდ გავრცელებული და დამკვიდრებულია რამოდენიმე სტილისტური ალტერნატივა.
პირველად ასეთი ალტერნატივები შეიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში, პედაგოგიკის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტთან მოეწყობილ შრიფტის კაბინეტში. „ვენური“ შრიფტის გადაკეთებით შეიქმნა შრიფტები: „ჩვეულებრივი შეკეთებული“ და „ჩვეულებრივი განიერი შეკეთებული“, რომლებშიც რამოდენიმე ქართულ ასოს მკვეთრად შეუცვალეს ფორმა.
ასეთი „შეკეთებული“ შრიფტები ახალი ფორმის მიმართ მიუჩვეველი თვალისთვის არაბუნებრივად გამოიყურებოდა და მოწონებით არ სარგებლობდა.
თუმცა, დღეს ასოების ასეთი ფორმები მრავალ ქართულ შრიფტშია გამოყენებლი ძირითადი თუ ალტერნატიული გლიფის სახით და იმდენად დამკვიდრდა, რომ უკვე თვალისთვისაც ბუნებრივად აღიქმება.
განსაკუთრებით ხშირი და მოსახერხებელია მათი გამოყენება შრიფტის დახრილ (Italic) სტილებში:
როგორ გამოვიყენოთ ალტერნატიული სიმბოლოები პროგრამებში?
Adobe Illustrator
ადობე თავის პროგრამებში ალტერნატივების გამოყენების რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. adobe Illustrator- ში შეგიძლიათ სიმბოლო ხელით შეცვალოთ ალტერნატივაზე: მონიშნეთ სიმბოლო და სიმბოლოს ქვემოთ გამოჩენილი გლიფებიდან აირჩიეთ სასურველი დიზაინი:
სიმბოლოების სრული სია და მათ შორის, ალტერნატიული სიმბოლოებიც შეგიძლიათ იპოვნოთ გლიფების ფანჯარაში: Window > Type > Glyph
Opentype ფუნქციების გამოსაყენებლად გახსენით ფანჯარა Window > Type > Opentype. ფანჯარაში მარჯვენა ზედა ნაწილში ჩამოშალეთ პანელი, საიდანაც შეძლებთ სტილისტური სეტების გამოძახებას (ალტერნატიული სიმბოლოების სეტები, რომლებიც შრიფტის დიზაინერს შრიფტის შექმნისას აქვს დაჯგუფებული).
Adobe Photoshop
Photoshop პროგრამაში გლიფების ფანჯარას იპოვნით: Window > Glyphs საშუალებით.
ხოლო OpenType ფუნქციების გამოყენებას შეძლებთ Window > Character ფანჯრიდან:
Microsoft Word
Microsoft პროგრამებში შრიფტის დამატებითი ფუნქციონალის გამოყენება შეზღუდულია თუმცა შესაძლებელი: Home პანელში დააჭირეთ Font - ის გასწვრივ ღილაკს, ან გამოიყენეთ კომბინაცია Ctrl+d და ფონტის ფანჯარაში გადადით Advanced-ზე. ამ ფანჯარაში შეძლებთ აირჩიოთ ლიგატურები (გადაბმები) და სასურველი სტილისტური სეტები:
ფონტს გააჩნია უამრავი ფარული შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო პროფესიონალური დიზაინის შესაქმნელად. შრიფტის დიზაინერებისთვის აუცილებელი არაა ფაილში ალტერნატიული სიმბოლოების დამატება, თუმცა მათი შეტანა შრიფტს უფრო მრავალფეროვანს და პრაქტიკულს ხდის. ამიტომ, დღეისთვის, მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი შრიფტის დიზანერი ქმნის დამატებით სიმბოლოებს.
სტატიის ავტორი: მარიამ ჩაჩანიძე
MS Pillar — მარიამ საშას შექმნილი ახალი ქართული ფონტია. სტატიაში გაიგებთ როგორ შეიქმნა ფონტი, რა გახდა ინსპირაცია და როგორ შეძლებთ მის გადმოწერასა და გამოყენებას
22 ივნისს, გაიმართა ფონტის "Ma Si Vardi" და ქართული კლავიატურის პრეზენტაცია. სტატიაში გაიგებთ მეტს ამ ღონისძიების, კლავიატურის შემქმნელების, "მა სი ვარდის" ავტორის და ინსტრუქციების შესახებ
მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე