Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

მერაბ გეწაძე — ქართული ტიპოგრაფიის როლი შრიფტების გლობალურ კონკურსებში

1 თვის წინ

389

 

ფონტის დიზაინერი მერაბი გეწაძე უკვე მესამე წელია, რაც  უკრაინული საერთაშორისო კონკურსის Pangram - International Student Competition on Font and Calligraphy-ის ჟიურის წევრია.  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პროფესიონალიზმს და იმ ნდობას, რომელსაც საერთაშორისო ტიპოგრაფიული სივრცე ავლენს ქართული დიზაინის მიმართ. 

 

 

ბოლო წლებში ქართული ფონტების ხილვადობა გლობალურ არენაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მაგალითია Granshan-ის მე-13 საერთაშორისო არალათინური შრიფტის კონკურსი, სადაც ქართული ანბანი ოფიციალურად დაემატა კონკურსში მონაწილე დამწერლობათა სიას, როგორც მეათე და მერაბი ასევე ჟიურის წევრებს შორის იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ წელს ქართველმა დიზაინერმა, ანა სანიკიძემ, პირველი ადგილი და კონკურსის მთავარი პრიზი მოიპოვა, ხოლო სხვა ქართველმა მონაწილეებმაც (ნიკა ხიპაშვილი, ლაშა გიორგაძე,ალექსანდრე სუკიასოვი, სერგო ტიტენკოვი) არაერთი პრიზი მიიღეს სხვადასხვა კატეგორიებში.


ალბათ ყველა დიზაინერისთვის საინტერესოა, როგორ მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, როგორ აფასებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეებს ჟიური და რა გავლენას ახდენს კონკურსებში ქართველების ხილვადობა ქართული შრიფტის დიზაინის მომავალზე. ამაზე სასაუბროდ მერაბ გეწაძეს დავუკავშირდით:

 

 

გილოცავთ Pangram-ის შრიფტების კონკურსის ჟიურის წევრად კიდევ ერთხელ შერჩევას! როგორც ვიცით, უკვე მესამე წელია, რაც ჟიურის წევრებს შორის ხართ საქართველოს სახელით. როგორ ჩაერთეთ პირველად კონკურსში?

 

მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით, მსგავსი პუბლიკაციები ხელს უწყობს ქართული დამწერლობისა და შრიფტის მნიშვნელობის პოპულარიზაციას თანამედროვე საზოგადოებაში.

 


“PANGRAM”-ის კონკურსის ჟიურიში ჩართვა შემომთავაზა „გრანშანის“ ერთერთმა დამფუძნებელმა ედიკ ღაბუზიანმა. ჟიურიში ჩვენი წარმომადგენლის დამატება თავისთავად აჩენს კონკურსში ქართველი მონაწილეების აქტიურობის მოლოდინს.



რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს წარმოჩენა ასეთ ცნობილ საერთაშორისო კონკურსში?

 

ქართველ მონაწილეთა ნებისმიერი საერთაშორისო აქტივობა მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოს და ამ შემთხვევაში ქართული დამწერლობის პოპულარიზაციისათვის. თუ გავითვალისწინებთ ჟიურის და იმას, რომ მონაწილეთა მრავალეროვნული შემადგენლობის თვალთახედვაში ქართული დამწერლობის ნიმუშები მოხვდა, „Pangram“-ი სასარგებლო და მნიშვნელოვანი სივრცეა, როგორც ქართული დამწერლობის გაცნობისათვის, ასევე სტუდენტთა სტიმულირებისა და სამომავლოდ პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებისთვის.

 

თქვენი აზრით, რით არის Pangram-ის შრიფტების კონკურსი უნიკალური - რით განსხვავდება ის სხვა შრიფტების დიზაინის კონკურსებისგან?

 

ყველა კონკურსი თავისთავად უნიკალურია. „Pangram“-ის ყოველ ახალ კონკურსს გააჩნია თავისი თემა-დევიზი, რაზეც მორგებულია მთლიანად საკონკურსო ნამუშევრების ხასიათი. 

 

 

გარდა ამისა, წარმოდგენილი ნიმუშები თავისი ვიზუალური თუ შემოქმედებითი ჩანაფიქრით ფართო დიაპაზონისაა და ზოგჯერ ცდება კიდეც შრიფტის სახასიათო ტრადიციულ ზღვარს, რაც არაა მოულოდნელობა ავტორთა ახალგაზრდული თამამი აზროვნების გათვალისწინებით.

 

 

რამდენად დაინტერესებულები არიან და აქტიურად ერთვებიან თუ არა ქართველი დიზაინერები Pangram-ის კონკურსში?

 

ქართველი ავტორების აქტიურობა კონკურსში სასურველზე მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც შეგვიძლია მოვუწოდებთ მონაწილეობისაკენ, ვფიქრობ, საჭიროა დრო, რომ პოპულარული გახდეს კონკურსი.

 

 

როგორც ჟიურის წევრი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რომლებსაც ეძებთ შრიფტში? 

ერთი გამორჩეული თვისება, რაც განაპირობებს შრიფტის შეფასების ხარისხს - არ მაქვს. კონკურსი რამდენიმე კატეგორიას მოიცავს და შესაბამისად შეფასების მიდგომებიც სხვადასხვაა. ძირითადი კრიტერიუმებია: ორიგინალობა, კომპოზიციური მიმზიდველობა, ესთეტიური გამომსახველობა და შესრულების ტექნური მხარე. 

 

 

 

როგორ აბალანსებთ ტექნიკური სიზუსტის შეფარდებას კრეატიულობასთან და ორიგინალურობასთან ნამუშევრების შეფასებისას?

 

რადგან ჟიურის წევრებს მხოლოდ რასტრული გამოსახულებები გვეგზავნება და არა ვექტორული, ტექნიკური სიზუსტის შეფასება ხილულ ზღვარს არ ცდება. სამაგიეროდ, ასეთი გამოსახულება საკმარისია ნამუშევრის სხვა კრიტერიუმებით შესაფასებლად. ჩემი შეხედულებით, წარმოდგენილ ნიმუშებში ტექნიკური სრულყოფა ავტორთა მიერ არცაა პირველხარისხოვანი და პრიორიტეტი უფრო ორიგინალობაზე და შემოქმედებით მიგნებებზე კეთდება.

 

 

მოდით, ვისაუბროთ GRANSHAN-ის კონკურსზე. თქვენ იქაც საქართველოს წარმომადგენელი ჟიურის წევრებს შორის იყავით, რაც დიდი მიღწევაა. რით განსხვავდებოდა ეს გამოცდილება Pangram-ისგან?

 

 

GRANSHAN-ი თავიდანვე პროფესიონალების ჩართულობაზეა ორიენტირებული და შესაბამისად დონეც უფრო მაღალია. ნამუშევრების ვიზუალზე მოთხოვნა ბევრად უფრო დეტალურია და რამდენიმე შაბლონშია წარმოდგენილი, რაც განაპირობებს მაქსიმალურად კრიტიკულად იქნეს შეფასებული ხარისხი. თავდაპირველად, დამწერლობის ჟიურის ყველა წევრის მიერ ხდება ნამუშევრების განხილვა და შეფასება. შემდეგ ეტაპზე შეფასებაში მონაწილეობენ მხოლოდ ათივე დამწერლობის ჟიურის თავმჯდომარეები და კონკურსის ორგანიზატორებთან ერთად ხდება საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა.

 


გარდა კონკურსისა GRANSHAN-ი ატარებს კონფერენციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც მომხსენებლებად არიან შრიფტის დიზაინის სფეროს როგორც აღიარებული, ასევე ნებისმიერი სპეციალისტები. 



GRANSHAN-ის მე-13 შრიფტის კონკურსში (2023/2024) ქართული ოფიციალურად შეიყვანეს წარმოდგენილ დამწერლობებს შორის. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ნაბიჯი ჩვენი ტიპოგრაფიული კულტურისთვის?

 

კონკურსში ქართული დამწერლობის მეათე ნომინაციად შეყვანა ერთბაშად არ მოხდარა. მას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი მიმოწერა და ონლაინ ჩართვები ასოციაცია „ქართული შრიფტისა“ და GRANSHAN-ის ორგანიზატორებს შორის. ამ პროცესის ინიციატორი,  საქართველოს მხარის წარმომადგენელი და ჟიურის თავმჯდომარე იყო ნინო ჯიშკარიანი. ჟიურის კი დავემატეთ სამი წევრი საქართველოდან. მე პირადად მქონდა ქართველ მონაწილეთა მცირე აქტივობის მოლოდინი, რაც საბედნიეროდ არ გამართლდა და საკმარისი რაოდენობის კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. არსებული კონკურენცია კარგი სტიმულია პროფესიონალურ ზრდისა და შრიფტის ხარისხის ამაღლებისთვის.



ანა სანიკიძის გამარჯვება და კიდევ რამდენიმე ქართველი დიზაინერის აღიარება საამაყო მომენტი იყო. როგორი რეაგირება ჰქონდა საერთაშორისო ჟიურის ქართული ნამუშევრების ხარისხზე?

 

GRANSHAN-ის კონკურსში ქართველ ავტორთა მონაწილეობა თავისთავად სასიამოვნო განცდაა, ხოლო გრან პრის მოპოვება ანა სანიკიძის მიერ - სიამაყის კულმინაცია. 

 

 

 

ანა სანიკიძის ფინალური დაჯილდოება, რომელიც გაიმართა ინგლისში რედინგის უნივერსიტეტში (University of Reading) საქართველოშიც პირდაპირი (live) ჩართვით მიმდინარეობდა. 

 

მოგვიანებით - გასული წლის სექტემბერში -  თბილისში, დიზაინის ინსტიტუტში, ნინო ჯიშკარიანის თხოვნით შედგა GRANSHAN-ის ხელმძღვანელების ბორის კოჩანის და ვერონიკა ბურიანის მონაწილეობითა და გამოსვლით ზოგადად კონკურსის მიმოხილვა  და პრიზების გადაცემის ცერემონია, მათ შორის, საზეიმოდ გადაეცა პრიზი ნიკა ხიპაშვილს. მეორე დღეს ვერონიკა ბურიანმა გამართა წინასწარ დაანონსებული ვორკშოპი, რაც სასარგებლო და დასამახსოვრებელი იყო მონაწილეთათვის.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს კონკურსებში ქართველების ხილვადობა ქართული შრიფტის დიზაინის მომავალზე?

 

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა პირველ რიგში პასუხისმგებლობაა -ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. ამავდროულად, შესაძლებლობაა აიმაღლოს პრაქტიკული უნარები, რაც დროთა განმავლობაში მოიტანს ქართული შრიფტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. 



თქვენი პერსპექტივიდან გამომდინარე, როგორ განვითარდა ქართული შრიფტის დიზაინის სფერო ბოლო ათწლეულის განმავლობაში?

 

შრიფტების იერსახე - დიზაინი ყოველთვის  უნისონში იყო თავისი დროის ესთეტიკასთან და დღესაც ამ კრიტერიუმს მნიშვნელობა არ დაუკარგავს.  კლასიკად ქცეული შრიფტების პარალელურად, ყოველთვის ჩნდებოდა და მეტ ნაკლები ხანგრძლივობით არსებობდა ისეთი შრიფტებიც, რომელთა გრაფიკული ფორმები ცდებოდა ასო-ნიშნებისათვის დადგენილ ტრადიციულ ფორმებს. ასეთი შრიფტების პოპულარობა როგორც წესი, დროებით ხასიათს ატარებდა და გარკვეულწილად უფრო მოდურ ტენდენციებს გადმოცემდა, ვიდრე აჩენდა წინგადადგმულ ნაბიჯებს საშრიფტო ხელოვნებაში. სამწუხაროდ, ამჟამად ქართულ შრიფტის სივრცეში საკმაო დოზითაა წარმოდგენილი ასეთი ფონტები. რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგჯერ არცოდნის, ზოგ შემთხვევაში ზომიერებას გაცდენილი „ავანგარდული“ ძიებებით.

 

კომპიუტერების გავრცელებამ მრავალ სიკეთესთან ერთად, ძალიან იოლი გახადა ცუდი ხარისხის შრიფტების მასიურად წარმოება. ეს უარყოფითი მოვლენა საგრძნობლად აისახა პირველი პერიოდის ქართულ ფონტებზე, მათ ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეზე. 

 

ბოლო ათწლეულში მნიშვნელოვნად გაიზარდა შრიფტისადმი ინტერესი და ახალი საინტერესო ავტორების რაოდენობა, რასაც მოყვა სასიკეთო ცვლილებები:

 

  • საბოლოოდ მოხდა ქართულისათვის სტანდარტულ UNICODE კოდირებაზე გადასვლა და ყველა ახალი ფონტი უკვე ამ კოდირებითაა აწყობილი.

  • გაიზარდა ასო-ნიშნების კონტურის დამუშავების ხარისხი.

  • მეტი ყურადღება ექცევა ფონტის მეტრიკულ მახასიათებლებს.

  • საავტორო უფლებების დაცვა ახალ ეტაპზე ავიდა.

  • იშვიათობა აღარაა კორპორატიული თუ კერძო პროექტებისათვის სპეციალურად შექმნილი ფონტები.

 

თავის დროზე თვისობრივად ახალი ფონტების შექმნას და ქართული შრიფტის კულტურის ამაღლებას, სასიკეთო ფაქტორად მოევლინა „თიბისი ბანკის“  კამპანია - „#წერექართულად“,  და მის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა პროექტები და შრიფტის კონკურსები. იგივე ითქმის  „ჯეოლაბის“  ფონტინჟინერიის კურსზე, რომლის შედეგად ისტორიაში პირველად მოხდა ამ მიმართულების სპეციალისტების მომზადება ჩვენი და უცხოელი მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ამავე კურსის მონაწილეთა მიერ მოხდა ქართული ლითონური შრიფტების აღდგენა - გაციფრულება და მათი გამოქვეყნება უფასო მოხმარებისათვის. 

 

ამავე მიზნებს ემსახურება ასოციაცია „ქართული შრიფტი“ დაარსებიდან - 2015 წლიდან, რომლის აქტიურობა ძირითადად კერძო პირთა ინიციატივით და რესურსებით ხორციელდება. გარდა კონკურსებში ჩართულობისა, ჩამონათვალში გვაქვს გამოფენები და წიგნების გამოცემა.

 

 

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქართველ შრიფტის დიზაინერებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში, როგორიცაა Pangram ან Granshan?

 

ხშირად გაეცნონ თანამედროვე თუ კლასიკურ შრიფტებს და ტენდენციებს. ათვალიერონ ისინი დეტალებში. ნუ ჩათვლიან შრიფტის, 33 ასოს დახატვას/აგებას იოლ საქმედ, რადგან ჩემი გამოცდილებით, დამთავრებული შრიფტი არ არსებობს, ყოველ ჯერზე ახალი თვალით, კრიტიკულად შეთვალიერება ახალ-ახალ შესწორებებს ითხოვს. სწორედ ეს თვითკრიტიკაა პროფესიონალური ზრდის უმთავრესი პირობა.

 

 

და ბოლოს, რა რჩევებს მისცემდით ქართველ დიზაინერებს ქართული ტიპოგრაფიის სფეროს სამომავლო განვითარებისთვის?

 

კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოჩენამ მკვეთრი ზღვარი გაავლო ქართული შრიფტების განვითარების საქმეში. პრაქტიკულად დამთავრდა კლასიკური ეპოქა, როდესაც შრიფტს ხატავდნენ მხატვრები ან წლობით პრაქტიკის მქონე კალიგრაფები. ამ ნახატებს კი ლიტერებად „გაცოცხლებისას“ ტექნიკური პერსონალი მექანიკურად ოდნავ თუ ამახინჯებდა.

 
როგორც ყველგან, ისე ჩვენთანაც, მასობრივ კომპიუტერიზაციას მოყვა მემკვიდრეობითობის უკიდურესად წყვეტა. ძველი თაობის და სოლიდური პრაქტიკის მქონე შრიფტის მხატვრები, კომპიუტერის არცოდნის ან არქონის გამო აღმოჩნდნენ გარიყულები. ამიტომ ჩამორჩნენ ფონტების– შრიფტების ელექტრონული ანალოგის შექმნის შესაძლებლობას. მათ ადგილას წინა ხაზზე თავისდაუნებურად მოგვევლინნენ ტექნოკრატი, შრიფტების სპეციფიკის არმცოდნე პროგრამისტები. შედეგად გვაქვს უსისტემოდ მოდიფიცირებული გრაფემების მქონე თუ კლასიკური ლითონური პოლიგრაფიული შრიფტების ცუდად „აღდგენილი“ ანალოგები. ეს ნამუშევრები კი წამგებიანად გამოიყურებიან თანამედროვე უცხოენოვანი ფონტების გვერდით. 

 

კომპიუტერების ყოვლისმომცველმა გამოყენებამ უკიდურესად შეამცირა ხელით წერის აუცილებლობა. ამას კი თითქმის მინიმუმამდე დაყავს ხელით წერით შრიფტის გრაფემის დროსთან თანაზიარი განვითარების საუკუნოვანი ტრადიცია. 

 

შეიცვალა შრიფტის შექმნის კლასიკური ტანდემი: თუ ადრე პოლიგრაფიისათვის შრიფტს ხატავდა მხატვარი და ამ ნახატიდან სტამბისათვის ლიტერებს აკეთებდა შესაბამისი ცოდნის მქონე ტექნიკური პერსონალი, კომპიუტერმა შესაძლებელი და იოლი გახადა ამ ორი სპეციალობის გაერთიანება. საუკეთესო ვარიანტია, როცა ეს პიროვნება თვითონა არის შრიფტის მხატვარი, საკმაოდ ფლობს ფონტრედაქტორ პროგრამას და საკმარისად ჩახედულია ტექნიკურ ნიუანსებში.  ასეთ შემთხვევაში შედეგი მაქსიმალურად კარგი იქნება.

 

კარგი ფონტის გასაკეთებლად  სასურველია შრიფტების ხელით ხატვის საბაზისო გამოცდილება, ხასიათის მოძებნის, ჩანაფიქრზე მორგების, გრაფემის აგების, კონსტრუირების და სხვა სპეციფიური წესების გათვალისწინება, რაც დაეხმარება ავტორს, სწორად ჩამოაყალიბოს ასო-ნიშნის და მთლიანად შრიფტის გრაფიკული სახე. დეკორატიული დეტალების გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, განსაკუთრებით სატექსტე შრიფტებში, სადაც მინიმალიზმი პრიორიტეტია.

 
ცალკე საკითხია „ლეთერინგი“ - ხელით ნახატი ასოებისგან ცალკეული სიტყვის თუ ციტატის კომპოზიციის შექმნა, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან უმეტესობა მეორე ხარისხოვანია და ცალკეული ასონიშნის უნიკალური დიზაინი  მთლიანად ავტორის გემოვნებით, გამოცდილებით და სტილური დიაპაზონითაა შემოსაზღვრული. 

 

ამასთან, სასურველია მედიაში უფრო თამამად გამოიყენონ ასო-ნიშნების გრაფიკა და მისი დიზაინი.

 

 

 Facebook     Instagram 

 

სტატიაზე იმუშავეს: მარიამ ჩაჩანიძემ და ანიტა ეჯიბიამ

1 თვის წინ

შრიფტის სახეობები

რა სახეობის შრიფტები არსებობს? გაეცანით შრიფტების ძირითად ჯგუფებს და ქართულ მაგალითებს

1 თვის წინ

„Many Faces One Type” - Touch RGB ფესტივალის ვორქშოპზე შექმნილი ფონტი

Typeface.ge წელს ციფრული დიზაინის ფესტივალს Touch Platform-ს ეწვია. გაიგეთ მეტი  Keynote პრეზენტაციასა და Workshop-ის სესიაზე ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ფონტზე

2 თვის წინ

რა შრიფტებით იბეჭდებოდა „დედა ენის“ პირველი გამოცემები?

სტატიაში გაიგებ "დედა ენის" პირველი გამოცემის შრიფტებზე, ასევე, გაეცნობი ამ შრიფტების ციფრულად აღდგენილ თანამედროვე ვერსიებს და საიდან შეძლებ მათ გადმოწერას

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode

Website is in test mode