3 hours ago
76
ფონტის დიზაინერები ხშირად იღებენ შთაგონებას გასული საუკუნეების ნაბეჭდი გამოცემების, სასტამბო შრიფტების დიზაინსა და ხელით დახატული წარწერების შესწავლით. ეს პროცესი ბევრ საინტერესო ნიუანსს მოიცავს, იურიდიულიდან დაწყებული, ტექნიკური საკითხებით დამთავრებული.
ასეთივეა MS Sabetchdi — მარიამ საშას (მარიამ აქულაშვილის) ახალი ფონტი, რომლითაც მარიამმა 2026 წლის დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა.
ᲨᲗᲐᲒᲝᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲐᲚᲔᲑᲘ
„შთაგონება წამოვიდა საბავშვო წიგნიდან “ცხოვრება იესო ქრისტესი”. ერთ დღეს, თვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ სარჩევი განსხვავებული შრიფტით იყო დაბეჭდილი, რაც მანამდე არ მენახა. მისმა ორიგინალურმა სტილმა ყურადღება მიიქცია - თითოეული ასო მყარად იდგა და საინტერესო ფორმა ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ფონტად მექცია. სარჩევი დავასკანერე და ყველა იქ არსებული ასო ამოვჭერი. რამდენიმე ასო, ციფრი და სიმბოლოები აკლდა, რის ინტერპრეტაციასაც შევეცადე, მაგრამ ცოტა ხანში გავჩერდი და ეს ფონტიც სხვა დაუსრულებელ პროექტებთან ერთად შევინახე.“ — წერს მარიამ საშა ფონტზე.
გარკვეული დროის შემდეგ, 26 მაისის კამპანიისთვის ეძებდა რაიმე დამატებით სიმბოლიკას. ეროვნული არქივის საარქივო კოლექციების თვალიერებისას აღმოაჩინა მე-20 საუკუნის კოლექცია: საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ მიღებული კანონები და სამართლებრივი აქტები - 1918-1919 წლები.
კოლექციის ზოგი საბუთი დაბეჭდილი იყო იგივე შრიფტის სხვადასხვა ვარიაციებით. აქვე იპოვნა სხვა ასოები, დაამატა უკვე ძველ ამოღებულ ასოებს, გამოიყვანა ერთიანი პროპორციები ასოებში და შეკრა თავისი ინტერპრეტაციის ანბანი.
„ძველ დოკუმენტებში შევნიშნე, რომ ამ შრიფტს სრულიად განსხვავებული ესთეტიკის სიმბოლოები ჰქონდა შერეული, რაც როგორც ჩანს სახასიათო იყო იმდროინდელი საბეჭდი მანქანებისთვის, ამიტომ, მეტი ავთენტურობისთვის, ასეთები მეც ჩავურთე უცხოურ ნიშნებში.“ — მარიამ საშა
MS Sabetchdi — ᲤᲝᲜᲢᲘᲡ ᲚᲘᲪᲔᲜᲖᲘᲐ ᲓᲐ ᲩᲐᲛᲝᲢᲕᲘᲠᲗᲕᲐ
ᲚᲘᲪᲔᲜᲖᲘᲐ: შრიფტი უფასოა როგორც პირადი, ასევე კომერციული სახით გამოსაყენებლად.
ᲩᲐᲛᲝᲢᲕᲘᲠᲗᲔᲗ ᲤᲝᲜᲢᲘ: ლინკი
ᲮᲔᲚᲘᲗ ᲡᲐᲑᲔᲭᲓᲘ ᲛᲐᲜᲥᲐᲜᲘᲡ ᲔᲡᲗᲔᲢᲘᲙᲐ
პორტატული საბეჭდი მანქანები მე-20 საუკუნის პერიოდში გახდა განსაკუთრებით აქტუალური. თუმცა, ქართული საბეჭდი მანქანა ქარხნულად არასდროს უწარმოებიათ. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ხელისუფლებისათვის საშიშროებას წარმოადგენდა ნებისმიერი არარეგულირებადი ბეჭდური მედია. განსაკუთრებულად მკაცრად კონტროლირდებოდა სახელმწიფო დაწესებულებებში რეგისტრირებული საბეჭდი მანქანები. ყველა მათგანი დანომრილი და აღწერილი იყო.
ამიტომ, ქართული საბეჭდი მანქანები კუსტარულად „გადმოქართულებულ” უცხოურ საბეჭდ მანქანებს წარმოადგენდა. ფიქრობდნენ, რომ თუ ასეთ მანქანებზე ინფორმაცია მოხვდებოდა უშიშროების სამსახურში ხელოსნები ვალდებული იყვნენ, მანქანის ნომერი და ამონაბეჭდი მათთვის გადაეცათ.
ასეთი კუსტარულად აწყობილი “გადმოქართულებული” საბეჭდი მანქანების შრიფტებიც, შესაბამისად, გარკვეულ დეფექტებს შეიცავდა და ხშირად ბევრი ნიუანსით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამიტომ, ამგვარად დაბეჭდილ ძველ მასალას ეტყობა, რომ ერთიანი ქარხნული შრიფტი არ შემუშავებულა.
პორტატული საბეჭდი მანქანების შრიფტებს თავისებური ტექნიკური ნიუანსები აქვთ, რაც ქმნის უნიკალურ ვიზუალურ ესთეტიკას და გამოიყენება ნაბეჭდი ტექსტის იმიტაციისთვის.
ამ შრიფტების მთავარი მახასიათებელია ის, რომ ყველა სიმბოლო იდენტურ ჰორიზონტალურ სივრცეს იკავებს (monospaced fonts). ეს გამოწვეულია ტექნიკური შეზღუდვით: თითოეულ ღილაკზე თითის დაჭერით ფურცელი ერთი და იგივე მანძილით გადაადგილდება, ამიტომ მექანიზმში განთავსებული ასოებიც ერთ განს უნდა იკავებდეს. რაკი ყველა ასოს თავისებური სიგანე აქვს, ამ ტიპის შრიფტების შექმნისას საჭიროა ბევრი ტექნიკური ნიუანსის გათვალისწინება, რომ საბოლოოდ ნაბეჭდი ტექსტი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს.
ზოგჯერ დიზაინერები განზრახ დამახინჯებულ კონტურს ქმნიან და არათანაბრობა ან დეფექტები შეაქვთ, რომ უფრო მეტად დაამსგავსონ ფურცელზე ხელით ნაბეჭდს.
Type writer GEO — ᲛᲔᲠᲐᲑ ᲒᲔᲬᲐᲫᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲠᲔᲢᲐᲪᲘᲐ
ყველა ფონტის დიზაინერი ნამუშევარში თავის თავსაც გამოხატავს. გემოვნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მისთვის ინდივიდუალურ ნიუანსებს ითვალისწინებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები ხშირად იღებენ ინსპირაციას ერთი და იგივე ნიმუშებიდან, მათი ავტორობის ფონტები განსხვავდება ერთმანეთისგან.
ანალოგიურად, იმავე შრიფტების ვიზუალი ინსპირაციად იქცა მანანა არაბულისთვისაც, ცნობილი ფოტოგრაფის და ფოტოჟურნალისტის, რობერტ კაპას ფოტოალბომის პროექტისთვის, რომლისთვისაც მერაბ გეწაძემ შექმნა შრიფტი — Type writer GEO.
„2017 წელს მანანა არაბულმა გადმომიგზავნა მე 20-ე საუკუნის დასაწყისის ხელითსაბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი დოკუმენტები და მათგან საბოლოოდ გავაკეთე 2 ვარიანტი: TypeWriter 01 და TypeWriter 02_2. დავამატე ნაკლული სიმუქეები (წონები), ჩავამატე ინგლისურებიც, OenType ფუნქცია AllCaps.”
— მერაბ გეწაძე
„TypeWriter 02_2 -ს იყენებს იმერეთის ტურისტული ორგანიზაცია DMO Imereti | Kutaisi. მათ საფირმო სტილი მანანა არაბულმა გაუკეთა. ეს ფონტი მეც გამოვიყენე წიგნში „ქართული ტიპოგრაფი(კ)ა“.” — მერაბ გეწაძე
მარიამ საშას და მერაბ გეწაძის ვარიანტებს ერთი და იგივე დოკუმენტები/შრიფტები აქვს საწყისად, მაგრამ ნიუანსებით მაინც განსხვავდება და ავტორის ხელწერას ინარჩუნებს.
შენიშვნა: მერაბ გეწაძის შრიფტი Type writer GEO შეიქმნა პერსონალური პროექტებისთვის და არ ვრცელდება უფასო სახით გამოსაყენებლად. მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ ავტორს: მერაბ გეწაძე. (merabi2008@gmail.com)
ᲡᲐᲐᲕᲢᲝᲠᲝ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲨᲠᲘᲤᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲘᲤᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡᲐᲡ
საქართველოს კანონმდებლობით, საავტორო უფლებები რეგულირდება კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. ამ უფლებებით, ქონებრივი საავტორო უფლებები ვრცელდება ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. ამ ფაქტის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ხდება ძველი შრიფტების დიზაინის ზუსტი გაციფრულება.
ამ შემთხვევაში, შრიფტების დიზაინი შექმნილია მე-19 საუკუნის დასაწყისში, საბეჭდი მანქანებისთვის. ვინაიდან ეს შრიფტები კეთდებოდა კუსტარულად სხვადასხვა ხელოსნის მიერ, ყველა საბეჭდი მანქანის შრიფტი თავისებურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მარიამ საშას MS Sabetchdi და მერაბ გეწაძის Type writer GEO კი საბეჭდი მანქანების შრიფტების ერთიანი ესთეტიკის ინსპირაციით შეიქმნა ავტორების მიერ და წარმოადგენს მათ ინტერპრეტაციას.
რომელიმე კონკრეტული ავტორის შრიფტების გაციფრულებისას კი მნიშვნელოვანია დადგინდეს ავტორის გარდაცვალების თარიღი ან ახალი დიზაინი შეიქმნას მხოლოდ ინსპირაციით და არა უკვე არსებული დიზაინის გაციფრულებით.
სტატიის ავტორი:
როდის გაჩნდა ქართულ შრიფტში ალტერნატიული ფორმის ასოები და რა ფუნქცია აქვთ დღეს.
გაიცანით პირველი ქართული შრიფტი და წიგნი, რომელიც ამ შრიფტით დაიბეჭდა.
გაიცანით LS Elva — ლუკა სარიშვილის მიერ შექმნილი ახალი ქართული დეკორატიული შრიფტი.